0.5 მლნ ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოვავლინეთ – პროკურატურა

0.5 მლნ ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოვავლინეთ – პროკურატურა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული.

 

გამოძიებით ვერსიით, ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.

 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, 2020 წლის მარტში, ჩეხურმა კომპანიამ 1 120 000 ევრო, ხოლო 2020 წლის მაისში, გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა – 180 000 ევრო გადარიცხეს. წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს არ მიაწოდა შეკვეთილი საქონელი, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ.

 

“ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.

 

აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”, – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

 

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რეზიდენტი იურიდიული პირის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…